„ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იქცა“ ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა ეკა სეფაშვილმა ნიდერლანდურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა
„ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იქცა“ ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა ეკა სეფაშვილმა ნიდერლანდურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. დეპუტატი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში, ქვეყნის კანონმდებლობაში ჩარევასა და მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება სურს და ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას არ დაემორჩილება. სეფაშვილი 2022 წლიდან განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი დამატებითი პირობები წაუყენეს. ბრიუსელი გაწევრების შეფერხებას დემოკრატიულ უკუსვლას უკავშირებს. სეფაშვილის თქმით კი, მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე გადადების მიზანი პოლიტიკური ზეწოლის თავიდან აცილება იყო და საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულებას აგრძელებს. დეპუტატი საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს ორი სადავო კანონის გაუქმების მოთხოვნას. ინტერვიუში ის ასევე შეეხო 2024 წლის არჩევნებსა და პროტესტს, ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ეკა სეფაშვილი გამოსავლად წინაპირობების გარეშე პირდაპირ დიალოგს ასახელებს.













