შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შიდა ქართლის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ივანე მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია აკაკი მაისურაძემ დაიკავა. ის გურიის პოლიციის დირექტორის მოადგილე იყო. ორივეს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რონი მესხმა დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
















