The Wall Street Journal: აშშ-ს Patriot-ის რაკეტების წარმოების გაზრდა სურს, თუმცა საჭირო ნედლეულის დეფიციტი პრობლემას ქმნის
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების დაჩქარებას ცდილობს, თუმცა პროცესს მოულოდნელი დაბრკოლება აფერხებს - სპეციალურად დამუშავებული ბოჭკოს დეფიციტი. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
მასალა, რომელიც მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი სარაკეტო ძრავების წარმოებისთვის გამოიყენება, მხოლოდ ერთი ევროპული კომპანიისგან არის ხელმისაწვდომი, რაც ამერიკის სამხედრო-სამრეწველო სექტორს მიწოდების ჯაჭვის პრობლემის წინაშე აყენებს, წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, Patriot-ის უახლესი მოდელის რაკეტებისთვის საჭირო ამ მასალის ერთადერთი დამტკიცებული მომწოდებელი საფრანგეთში მოქმედი კომპანია ArianeGroup-ია. ის სპეციალურად დამუშავებულ ქსოვილს ბორდოს მახლობლად მდებარე საწარმოში აწარმოებს, შემდეგ კი მას ამერიკულ კომპანია Park Aerospace-ს აწვდის. ეს უკანასკნელი მასალას დამატებით ამუშავებს და L3Harris-ს გადასცემს, რომელიც მას მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავების წარმოებაში იყენებს.
Park Aerospace-ის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან შორის განცხადებით, წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი კომპანიას მასალის მიწოდების გაზრდის მოთხოვნით დაუკავშირდა, თუმცა გაირკვა, რომ ArianeGroup-ს წარმოების მოცულობის სწრაფად გაზრდა არ შეუძლია.
„ისინი ფრანგული კომპანიაა. მათი დაშინებით ვერაფერს მიაღწევ. უბრალოდ, შეწყვეტენ შენთან თანამშრომლობას“, - განაცხადა შორმა.
გამოცემის შეფასებით, ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს იმ პრობლემებს, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების წარმოების სწრაფად გაზრდის მცდელობისას აწყდება. მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები ხშირად რამდენიმე დონით ქვემოთ მოქმედ მომწოდებლებს უკავშირდება. ზოგჯერ ერთი ან ორი კომპონენტის დეფიციტიც კი მთელი წარმოების პროცესს აფერხებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოო ბაზა ათწლეულების განმავლობაში მცირდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონში სამხედრო ხარჯების შემცირების პოლიტიკა გატარდა. 1993 წელს ბილ კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს სამხედრო ხარჯების შემცირების გეგმები გააცნეს. მომდევნო ათწლეულებში ამერიკული ავიაკოსმოსური და თავდაცვის კომპანიების კონსოლიდაციის შედეგად, მსხვილი ძირითადი კონტრაქტორების რაოდენობა 51-დან ხუთამდე შემცირდა.
ამასთან, შემცირდა მომწოდებლების ქსელიც - სპეციალიზებული მწარმოებლების ნაწილი თავდაცვის სექტორიდან გავიდა ან საერთოდ დაიხურა, ხოლო წარმოების არაერთი მიმართულება საზღვარგარეთ გადავიდა. პენტაგონის 2022 წლის ანგარიშის წინა ათწლეულში აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის მცირე ბიზნესების რაოდენობა 40%-ით შემცირდა.
პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ თანამედროვე ამერიკული სარაკეტო სისტემები ხშირად ერთსა და იმავე მომწოდებლებზეა დამოკიდებული. თავდაცვის სფეროს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Air-ის მარტის მონაცემებით, PAC-3-ის მეორე დონის მომწოდებლების 70%-ზე მეტი THAAD-ის სისტემასაც ამარაგებს. შესაბამისად, რომელიმე საწარმოში წარმოების შეჩერებამ, გაფიცვამ ან გაკოტრებამ შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ტიპის შეიარაღების წარმოებაზე იმოქმედოს.





