უიტკოფის განცხადებით, პუტინი წინააღმდეგი არ არის, რომ ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს
მსოფლიო

GettyImages
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თანხმობა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული მხარის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
„ევროპელები შემოგვიერთდებიან მომდევნო შეხვედრაზე, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათი ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა მან მოსკოვში პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროკავშირი დიდი ხანია ცდილობს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი დაიკავოს. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები ხუთშაბათს გვიან საღამოს დუბლინში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან. დუბლინში ზელენსკი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს ესწრება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს პარასკევს განიხილავენ.
„დუბლინში ჩვენ სრულ ინფორმაციას მივაწვდით ზელენსკის ყველაფერზე, რაც მოხდა“, - განაცხადა უიტკოფმა.





