ვატო ქიზიყურაშვილი: ევროპის არაპრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ გამოხმაურება ჰპოვა მათ შიდა პოლიტიკაში - ევროპას არ აქვს არანაირი შანსი შემდგომი განვითარების, თუ ის არ გამოვა იმ ილუზიიდან, რომელსაც ნატოს გაფართოება და რუსეთთან მუდმივად კონფრონტაციული პოლიტიკა ჰქვია
მსოფლიო

ვატო ქიზიყურაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
რა გამოწვევების წინაშე დგას ევროპა, როდესაც სწორედ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მსჯელობს - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის არაპრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ გამოხმაურება ჰპოვა მათ შიდა პოლიტიკაში
„როდესაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ვმსჯელობთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს აბუ-დაბიში მიმდინარეობს ცალმხრივი მოლაპარაკება, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ ვხედავთ ევროპელებს. ვფიქრობ ეს ძალიან დიდი განგაშის სიგნალი უნდა იყოს დღეს ევროპული მმართველი წრეებისთვის, საუკუნეების განმავლობაში პირველად არის, რომ ევროპის ბედი წყდება მათი ჩართულობის გარეშე.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ევროპამ ძალიან ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, თუნდაც ის, რომ მათ არ იზრუნეს ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე. მუდმივად აპელირება მიდიოდა ნატოს გაფართოებაზე, რამაც საბოლოოდ, ვხედავთ, სადამდე მიიყვანა ევროპული უსაფრთხოება. უკრაინის ომი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ევროპას არ აქვს არანაირი შანსი შემდგომი განვითარების, თუ ის არ გამოვა იმ ილუზიიდან, რომელსაც ნატოს გაფართოება და რუსეთთან მუდმივად კონფრონტაციული პოლიტიკა ჰქვია“, - აღნიშნა ქიზიყურაშვილმა.
ცნობისათვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.





