დავით არახამია აბუ-დაბიში რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე: კარგი იმპულსი გვაქვს, რათა გადაწყვეტილება ახალ წლამდე მივიღოთ
მსოფლიო

დავით არახამია
ფოტო: Getty Images
უკრაინის უმაღლესი რადის მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად „კარგი დინამიკა“ გამოიკვეთა, რაც ახალ წლამდე გარკვეული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
„კარგი იმპულსი გვაქვს, რათა გადაწყვეტილება ახალ წლამდე მივიღოთ“, - განაცხადა არახამიამ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები რთულია.
„რადგან მათ [რუსულმა მხარემ] ძალიან მკაცრი დირექტივები ჩამოიტანეს, ვაჭრობისთვის ადგილი არ რჩება“, - განაცხადა მან.
არახამიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მრავალმხრივი და არა სამმხრივი უნდა იყოს. ის ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებში ევროპული მხარეც უნდა იყოს ჩართული.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, ჟურნალისტების კითხვაზე, კვლავ ითხოვს თუ არა რუსული მხარე დონბასიდან ჯარების გაყვანას, განაცხადა: „საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დროს წამოიჭრება, ეს მოლაპარაკებების საკითხია. მნიშვნელოვანია მხოლოდ შედეგი. როცა მას მივაღწევთ, ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადებთ“.
ცნობისათვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.





