Financial Times: საფრანგეთი შიშობს, რომ გერმანული რაკეტების საპასუხოდ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
საფრანგეთი გერმანიაზე ზეწოლას ახდენს და ითხოვს, რომ ბერლინმა განსაზღვროს, თუ როგორ გამოიყენებს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარიზი შიშობს, რომ თუ ბერლინი აღნიშნულ თხოვნას არ გაითვალისწინებს, ბირთვულ დაპირისპირებაში ევროპის ჩართვის რისკი შეიქმნება.
ოფიციალური პარიზი გერმანელ ჩინოვნიკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ბერლინის მიერ იარაღის გამოყენების დოქტრინის საკითხის შეთანხმების მიზნით, წერს გამოცემა.
როგორც Financial Times-ი იუწყება, პარიზს სურს, რომ გერმანიის დოქტრინა საფრანგეთის ბირთვულ სტრატეგიასთან თანხვედრაში იყოს.
ერთ-ერთმა ფრანგმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ნებისმიერ რუსულ სამიზნეზე თავდასხმა ჩვეულებრივი იარაღით შეიძლება, თუმცა პასუხად შესაძლოა ბირთვული დარტყმა მიიღონ.
„თუ რუსები არასწორად გაიგებენ სიგნალს, შესაძლოა, უნებლიედ ბირთვული ომის პირას აღმოვჩნდეთ“, - განაცხადა მან.
Financial Times-ის ინფორმაციით, საფრანგეთის წუხილი იმ ფონზე გაჩნდა, რომ გერმანია დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან შორი მოქმედების იარაღის არსენალს მნიშვნელოვნად აფართოებს და ევროპაში მოსკოვის შეკავებისკენ ისწრაფვის.
ბერლინი ყიდულობს და ქმნის რაკეტებს, რომელთა ფრენის მანძილი 500-დან 2 000 კილომეტრამდეა, რაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების განადგურების საშუალებას იძლევა.





