Financial Times: მერცი ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტის დაბლოკვით დაიმუქრა, თუ წევრი სახელმწიფოები 2027 წელს და შემდგომ პერიოდში უკრაინის დაფინანსებას არ უზრუნველყოფენ
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Getty Images
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტის დაბლოკვით დაიმუქრა, თუ წევრი სახელმწიფოები 2027 წელს და შემდგომ პერიოდში უკრაინის დაფინანსებას არ უზრუნველყოფენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ წერილში მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ყველა წევრი ქვეყანა უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობაზე შეთანხმდება. მომდევნო წელს უკრაინის დაფინანსების საჭიროება 70 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტს უკავშირდება.
„ყველას კოლექტიური ვალდებულებაა, გამონაკლისის გარეშე, სამართლიანად შევიტანოთ წვლილი უკრაინის დაფინანსების დეფიციტის შევსებაში, ამ საკითხის გადაწყვეტისა და ნებისმიერი შემდგომი საკითხის, განსაკუთრებით კი ფინანსური შედეგების მქონე საკითხების განხილვის აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა მერცმა.
როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიის კანცლერის ეს მოთხოვნა ევროკავშირის ლიდერების დუბლინში დაგეგმილ შეხვედრამდე გაჟღერდა, რომელიც ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. მერცი მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის საკითხი სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდეს.





