Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრეები 30%-ით შემცირდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
უკრაინული დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა ბოლო თავდასხმებმა ქვეყნის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეები დაახლოებით 30%-ით შეამცირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან გაააქტიურა. ეს მოსკოვს დამატებით პრობლემებს უქმნის საწვავის შიდა დეფიციტის აღმოფხვრაში, მაშინ როდესაც რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდებას აგრძელებს.
უკრაინული თავდასხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება არ ამოქმედდა, იუწყება სააგენტო.
ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრის მუშაობა შეაფერხა და რამდენიმე ობიექტზე საგანგებო ვითარება შექმნა.
წყაროების შეფასებით, ოქტომბრის ბოლოდან დრონებით თავდასხმების შედეგად დაზიანებული რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ჯამური საპროექტო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 300 000 მეტრულ ტონას, ანუ 2,2 მილიონ ბარელს შეადგენს. ეს რუსეთის ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 30%-ია, რომელიც დღეში 930 000 ტონას შეადგენს.
წყაროების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დღეში დაახლოებით 700 000 ტონა, ანუ 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადამუშავებას ახორციელებდნენ.
მათი შეფასებით, თავდასხმების შედეგად ნედლი ნავთობის ფაქტობრივი გადამუშავების მოცულობა შესაძლოა დღეში 200 000 ტონამდე შემცირებულიყო.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა რიაზანისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ვოლგისპირეთის რეგიონში მდებარე საწარმოები.





