Reuters: ევროპაში ხუთ ავიარეისზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებებმა შეფერხებები გამოიწვია
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროპის აეროპორტებში სამშაბათს, სულ მცირე, ოთხი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა გუშინაც მოხდა. ინციდენტების გამო რამდენიმე თვითმფრინავის მარშრუტის შეცვლა გახდა საჭირო, პოლონეთში კი ერთ-ერთი აეროპორტი მცირე ხნით დაიკეტა.
მიუხედავად ამისა, არცერთ შემთხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურებულა, - წერს სააგენტო.
დღეს პოლონეთის ხელისუფლებამ ლონდონიდან ვარშავის შოპენის აეროპორტისკენ მიმავალი ავიაკომპანია LOT-ის თვითმფრინავი ახლომდებარე მოდლინის აეროპორტში გადაამისამართა. თვითმფრინავის შემოწმების პერიოდში აეროპორტი დროებით დაიხურა. მოდლინის აეროპორტის განცხადებით, შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა და აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
კიდევ ერთი რეისი, ავიაკომპანია SAS-ის თვითმფრინავი, რომელიც კოპენჰაგენიდან ვარშავაში მიფრინავდა, შოპენის აეროპორტში განრიგის შესაბამისად დაეშვა. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა და აეროპორტი ჩვეული რეჟიმით აგრძელებდა მუშაობას.
როგორც Reuters-ი წერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავი იმ დროს დაეშვა, როცა ელექტრონული ფოსტით ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ლიუბომირ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს კონტრტერორისტული დანაყოფები შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.
მანამდე, გუშინ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ავიაკომპანია Wizz Air-ის ლონდონიდან სოფიის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის აეროპორტში გადაამისამართეს.
სამშაბათს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მურსიის აეროპორტის ერთი ნაწილი მას შემდეგ დაკეტეს, რაც Ryanair-ის რეისზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს. თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა. ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს და აეროპორტმა მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლა.




