აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შუალედური არჩევნების მიმდინარეობას ისტორიაში პირველად 50-ვე შტატში დააკვირდება
მსოფლიო

Reuters
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შუალედური არჩევნების მიმდინარეობას ისტორიაში პირველად 50-ვე შტატში დააკვირდება. ამის შესახებ უწყებამ სამშაბათს გამოაცხადა.
„არჩევნების სანდოობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა ამ ადმინისტრაციისა და ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტის გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჰარმიტ კ. დილონმა.
მან დასძინა, რომ უწყება უპრეცედენტო მასშტაბის ოპერაციას ახორციელებს, რათა არჩევნების გამჭვირვალობა „პრინციპულად და არადისკრიმინაციულად“ იყოს უზრუნველყოფილი.
უწყების ცნობით, არჩევნების დღეს ფედერალური საარჩევნო კანონმდებლობის დაცვას დაახლოებით 1000 დამკვირვებელი გააკონტროლებს.
სადამკვირვებლო მისიაში ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტის, აშშ-ის პროკურატურის წარმომადგენლები და პერსონალის მართვის ოფისის ფედერალური დამკვირვებლები.
მეთვალყურეები მუდმივ კავშირში იქნებიან შტატებისა და ადგილობრივ საარჩევნო ოფიციალურ პირებთან. მათი მიზანია „ხმის მიცემის უფლებების შესახებ კანონის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონისა და იმ სისხლისსამართლებრივი ნორმების აღსრულება, რომლებიც კრძალავს ამომრჩეველთა დაშინებას ან შევიწროებას რასობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე.
იუსტიციის დეპარტამენტი საარჩევნო პროცესზე მეთვალყურეობას ხმისცემის უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად 1965 წლიდან ახორციელებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სადამკვირვებლო მისიის გაშლა იმ ფონზე ხდება, როდესაც ამერიკელი ამომრჩევლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილის, სენატის 35 ადგილისა და 36 გუბერნატორის ბედს წყვეტენ. ამჟამად კონგრესის ორთავე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, ხოლო „დემოკრატები“ უმრავლესობის მოპოვებასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგის შეზღუდვას ცდილობენ.





