უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს
მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვეს იმისათვის, რათა უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭონ სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლებაში, - წერს უკრაინული მედია.
გამოძიების მონაცემებით, მენდელი იყენებდა თავის ცნობადობასა და სახელმწიფო კომუნიკაციების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას აგრესორი ქვეყნისთვის სასარგებლო საინფორმაციო ნარატივების გავრცელებისთვის.
აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა უკრაინის დისკრედიტაციასა და მის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებას.
ბრალდების საფუძვლად ქცეულ მასალებს შორის მოხვდა მისი საჯარო გამოსვლები და განცხადებები უცხოურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
კერძოდ, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მენდელი აცხადებდა: „მჯერა, რომ უკრაინა გაქრობის პირასაა“, „ხედავთ, ჩემი ერი დეგრადირდება“.
ამასთანავე, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. „არ არის სიტყვის თავისუფლება“, „ქვეყანა სავსეა აკრძალვებით. ყველაფერი აკრძალულია“ - აცხადებდა მენდელი ინტერვიუში და უკრაინაში არსებულ ვითარებას საბჭოთა კავშირს ადარებდა.





