უკრაინის ომბუდსმენი კიევის ოლქში ერთ-ერთ სახლში ადამიანების დაკავებისა და წამების შესახებ გავრცელებული ცნობის გამოძიებას ითხოვს
მსოფლიო
დმიტრო ლუბინეცი
ფოტო: Facebook
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი კიევის ოლქში ერთ-ერთ სახლში ადამიანების დაკავებისა და წამების შესახებ გავრცელებული ცნობის გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დმიტრო ლუბინეცმა ოფიციალური მოთხოვნები ყველა შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გაგზავნა, რათა გამოძიებით დადგინდეს ეროვნული გვარდიის წარმომადგენელთა და სამხედრო პირთა აღნიშნულ ობიექტზე ყოფნის საფუძვლები და მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
ომბუდსმენმა დაგმო ადგილზე შეკრებილი მომიტინგეების ძალადობრივი ქმედებებიც.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.





