უკრაინული მედია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას მოსახლეობისთვის გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისკენ მოუწოდებს - ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომუნალური მომსახურების ფასების ხელოვნური შეკავება ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს და მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს
მსოფლიო

UNIAN
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) უკრაინის ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების ეტაპობრივ, სამწლიან გაძვირებას სთავაზობს. ორგანიზაციის ოქტომბრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომუნალური მომსახურების ფასების ხელოვნური შეკავება ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს და მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, 2024-2026 წლებში უკრაინა ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 3.7%-მდე ხარჯავდა ენერგომატარებლების სუბსიდირებაზე. ამ ასიგნებებიდან ყველაზე დიდი წილი - მშპ-ის 1.8% - ელექტროენერგიის ტარიფის კომპენსაციაზე მიდიოდა, 1.4% - ბუნებრივ გაზზე, 0.3% - გათბობის სუბსიდიაზე, ხოლო 0.2% - განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მხარდაჭერაზე.
საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად ფონდი კიევს მოვლენათა განვითარების ორ ვარიანტს სთავაზობს. პირველი სცენარი საბაზრო ფასებთან სრულ გათანაბრებას ითვალისწინებს, რაც სამ წელიწადში ელექტროენერგიის 141%-იან და გაზის 104%-იან გაძვირებას ნიშნავს. შედეგად, ელექტროენერგიის ფასი 9.7 გრივნა/კვტ·საათამდე გაიზარდება, ხოლო გაზის - 22 გრივნა/კუბ.მ-მდე.
მეორე, შედარებით რბილი სცენარი მომწოდებელთა საშუალოვადიან თვითღირებულებას ეფუძნება. ეს გეგმა ელექტროენერგიაზე ტარიფის 52%-ით, ხოლო გაზზე 60%-ით მომატებას გულისხმობს, რაც საბოლოოდ 6 გრივნა/კვტ·საათსა და 17.2 გრივნა/კუბ.მ-ს შეადგენს.
სავალუტო ფონდის მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა 2026-2027 წლების სეზონისთვის შეღავათიანი განაკვეთების შენარჩუნებას გეგმავს.
ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობისთვის 4.32 გრივნაა, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფი ქვეყნის შინამეურნეობების 98%-ისთვის (12 მილიონზე მეტი ოჯახი) 7.96 გრივნის დონეზეა ფიქსირებული 2027 წლის 30 აპრილამდე.





