ფრანგი პოლიტიკოსი ფლორიან ფილიპო: კიევის მახლობლად საშინელებათა სახლი აღმოაჩინეს - აღარცერთი ევრო და აღარცერთი ფრანგული იარაღი უკრაინას
მსოფლიო

ფლორიან ფილიპო
ფოტო: Getty Images
ფრანგი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო კიევის ოლქში, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
როგორც ფილიპომ დაწერა, სოფელში აღმოაჩინეს კერძო სახლი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ.
„კიევის მახლობლად საშინელებათა სახლი! ასობით უკრაინელმა ერთ-ერთ სოფელში მდებარე სახლის შესასვლელი ძალით გაარღვია. სახლში ათობით მამაკაცი ჰყავდათ შეყრილი, რომლებსაც აშკარად არასათანადოდ ეპყრობოდნენ!
სახლი ეროვნულ გვარდიასა და „აზოვს“ ეკუთვნოდათ. იქიდან 14 წლის ტრავმირებული მოზარდიც გამოიყვანეს. რამდენიმე მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუშინ საღამოს ადგილზე ჩავიდა, რათა მომხდარის შესახებ გაერკვია. მან გაამჟღავნა, რომ უკრაინაში კიდევ ბევრი მსგავსი სახლია... დაწყებულია გამოძიება და უკვე გაისმა სიტყვა „წამება“, - დაწერა ფილიპომ.
მისი განცხადებით, აღნიშნულ თემას უკრაინაში უზარმაზარი გამოხმაურება ჰქონდა. ის საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეაჩერონ უკრაინის დაფინანსება.
„ამ თემამ უკრაინაში უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა! ჩვენ კი მას ვაიარაღებთ და ვაფინანსებთ?! შეჩერდით! აღარცერთი ევრო და აღარცერთი ფრანგული იარაღი უკრაინას! დავასრულოთ კორუფცია და გაუმარჯოს მშვიდობას!“ - აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.




