Reuters: „ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მოქმედი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანის ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მდებარე რამდენიმე მისიიდანაც გეგმავს.
გადაწყვეტილება საუდის არაბეთში განხორციელებული თავდასხმების ფონზე მიიღეს. ქალაქ დამამში მდებარე სამოქალაქო აეროპორტზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ამასთან, ნავთობის საბადოზე დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უწყებამ საუდის არაბეთიდან „გადაუდებელი აუცილებლობის ფუნქციების შემსრულებელი პერსონალის გარდა, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების“ გაყვანის ბრძანება გასცა.
გადაწყვეტილება იემენში მოქმედი, ირანის მოკავშირე „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება.
ვაშინგტონმა რეგიონში დიპლომატიური პერსონალის ნაწილის დაბრუნება ბოლო თვეებში დაიწყო. მანამდე თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი დაიწყო და თეირანმა ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.
„ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე, მათ შორის სამოქალაქო აეროპორტებსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ამ თავდასხმების შედეგად სამოქალაქო პირები დაშავდნენ და დაიღუპნენ. ამას ასევე გადაადგილების სერიოზული შეფერხება მოჰყვა“, - განაცხადა პიგოტმა.





