The Telegraph: იტალიაში აცხადებენ, რომ ევროპაში უქმეებზე მომხდარი არეულობა მოსკოვის წაქეზებით დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
იტალიის ხელისუფლებამ რუსეთი ევროპაში გასულ შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობრივი არეულობის წაქეზებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები, რომლებიც გაძვირებული ცხოვრების გამო უკმაყოფილებას უკავშირდებოდა, პარიზში, მარსელში, მილანსა და ევროპის სხვა ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებებსა და ძარცვაში გადაიზარდა.
არეულობაში მონაწილე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა და ის ფაქტი, რომ ისინი მკაფიო ლიდერობის გარეშე, მოკლე დროში შეიკრიბნენ, ეჭვებს აჩენს, რომ ძალადობა შესაძლოა მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული ან წაქეზებული.
პარიზისა და რომის ოფიციალური პირები იძიებენ, ჰქონდა თუ არა რუსეთს როლი სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებაში, რამაც ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ძალადობას შეუწყო ხელი.
ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი დაინტერესებულია ევროპულ საზოგადოებებში დაპირისპირების გაღვივებითა და ევროპული მთავრობებისთვის პრობლემების შექმნით, განსაკუთრებით საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაგეგმილი არჩევნების წინ.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ, იტალიის ქალაქებში შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობის შემდეგ განაცხადა, რომ არეულობა დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ შედეგია.
„მილანსა და იტალიის სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენები არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც წარსულში ვხედავდით. ეს იმ პროცესის შედეგია, რომელსაც მე „ჰიბრიდულ ომს“ ვუწოდებ - კონფლიქტის ფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ არატრადიციული საშუალებებით, მათ შორის TikTok-ით, სოციალური ქსელებითა და YouTube-ით მიმდინარეობს“, - განაცხადა კროზეტომ.
აშშ-ში იტალიის ყოფილი ელჩისა და იტალიის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მარიანჯელა ძაპიას შეფასებით, დიდი ალბათობით, არეულობის გაღვივებაში „უცხოელი აქტორებიც“ მონაწილეობდნენ.
კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანი იყო ეჭვი რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ, ძაპიამ უპასუხა: „გულწრფელად რომ ვთქვა, დიახ. ჩვენ უკვე გვინახავს კრემლის მსგავსი ქმედებები ჩვენს ქვეყნებში, რომელთა მიზანიც საზოგადოებრივი აზრის გახლეჩაა. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია და ფაქტები უნდა გადამოწმდეს“.





