პუტინი თანახმაა რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბერში განაახლოს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, რომ ნოემბერში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს. ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.
როგორც უშაკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, თანხმობა მოლაპარაკებების განახლებაზე პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფტან შეხვედრაზე გამოხატა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ განვაახლოთ აღნიშნული სამმხრივი მოლაპარაკებები 10-20 ნოემბერს მთავარი თემის გარშემო. ეს თემა ეხება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინისა და რუსეთისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში აბუ-დაბიში გაიმართა.





