POLITICO: ევროპა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
ევროპის ქვეყნების მთავრობებში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შესაძლოა, მალე საჭირო გახდეს პირის შერჩევა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართავს, თუმცა, მთავარი საკითხია, ვინ აიღებს საკუთარ თავზე ამ რთულ და სარისკო მისიას. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მიმდინარე კვირაში შეიძინა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა და პუტინს დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა. შეხვედრის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის გააქტიურებაა.
„პრეზიდენტი პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტულ სუბიექტად არ აღიქვამს. მას ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარი არ სურს, კაია კალასს არ ესაუბრება. მან სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთანაც შეწყვიტა საუბარი“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.
პაველის თქმით, ევროკავშირმა უნდა შეარჩიოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ევროპის სახელით ისაუბრებს.
„ეს აუცილებლად ევროკავშირის ან ნატოს წარმომადგენელი არ უნდა იყოს. ეს შეიძლება იყვნენ ლიდერები, რომლებსაც სხვა ქვეყნები მოლაპარაკებების წარმოების მანდატს მიანიჭებენ“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
როგორც POLITICO წერს, ბოლო დღეებში ტრამპის პოზიციამ უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია. ისინი უკმაყოფილო არიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათ გვერდის ავლით აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან და თითქმის ხუთწლიანი ომის პირობებში სულ უფრო მეტად ავლენს მზადყოფნას, რუსეთის პოზიცია გაიზიაროს.
ამან ბრიუსელსა და მის ფარგლებს გარეთ ხელახლა გააჩინა დისკუსია იმის შესახებ, რომ ევროპას კრემლთან პირდაპირი საკომუნიკაციო არხი სჭირდება. მიზანი ევროპის ინტერესების დაცვა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებაა, რათა კიევი მისთვის არახელსაყრელი შეთანხმების მიღებაზე არ დათანხმდეს.
დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას მოლაპარაკებებში.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებზე პირდაპირი მოლაპარაკებების გამოცდილება აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ კი წარსულში საკუთარი ოფისის მეშვეობით კრემლთან საკომუნიკაციო არხი გახსნა. ევროპული ინტერესების საერთო პოზიციის წარმოსაჩენად შესაძლო კანდიდატად განიხილება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც.
თუმცა, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატის შეფასებით, ბრიუსელში უნდა გააცნობიერონ, რომ პუტინთან და ტრამპთან შეთანხმების პირობებს ევროკავშირის შიდა პროცედურები ვერ განსაზღვრავს.
ევროკავშირის ინსტიტუტების მიღმა ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი განიხილება. მის სასარგებლოდ ორი მნიშვნელოვანი გარემოება მეტყველებს: ევროკავშირის ლიდერებს შორის მას, სავარაუდოდ, ტრამპთან ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. ორ ქვეყანას შორის 1 300 კილომეტრის სიგრძის საზღვარია და ისინი წარსულში ომშიც ყოფილან ჩაბმული.
ერთ-ერთ კანდიდატად აგრეთვე ანტონიუ კოშტა განიხილება, მაგრამ მან გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აპირებს.





