AXIOS: ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის მოთხოვნები უგულებელყო
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმების დადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ვაშინგტონის ექვსი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ინფორმაიცას AXIOS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ უკრაინასთან ურთიერთობებში ახალი კრიზისი გამოიწვია და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მცდელობას, მიაღწიოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შეთანხმებას.
„ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ძირს უთხრის კეთილგანწყობას, რომელიც ტრამპის მხრიდან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოიპოვა“, - განუცხადა AXIOS-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც საკითხის შესახებ უშუალო ინფორმაცია აქვს.
თავის მხრივ, ზელენსკიმ AXIOS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმების შესახებ მისთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტმა მას „უსამართლო და არაკეთილსინდისიერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინისთვის გაუმართლებელ საჩუქარს წარმოადგენს.
AXIOS-ის ინფორმაციით, ბოლო თვეებში უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები ეფექტიანი აღმოჩნდა და რუსეთში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
პასუხად რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა. ამან კი მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდებაზე დამატებითი ზეწოლა შექმნა, რასაც ირანში მიმდინარე ომიც ისედაც ამძიმებდა.
ზელენსკიმ ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა, რომ მზად იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეეწყვიტა, თუ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურებზე თავდასხმებს შეწყვეტდა.
თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპს სურდა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები ცალმხრივად შეეწყვიტა, რადგან ეს დარტყმები შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასების ზრდას უწყობდა ხელს.
მისივე განცხადებით, ტრამპი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების თანაზომიერად არ მიიჩნევდა.





