„უკრაინის ტოტალური ღალატი“ - სამი ამერიკელი სენატორი ტრამპს პუტინთან ნავთობის შესახებ შეთანხმების გამო აკრიტიკებს
მსოფლიო

ჯინ შაჰინი ჩაკ შუმერი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი, ჩაკ შუმერი და ელიზაბეთ უორენი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსული დიზელის საწვავის გლობალურ გაყიდვებზე სანქციები ექვსი თვით შეაჩეროს, უკრაინის, ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ღალატად აფასებენ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დემოკრატი“ წევრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ, რასაც აშშ-ში ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდა მოჰყვა, ტრამპი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას „სასოწარკვეთილი შეთანხმებებით“ ცდილობს.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ შეერთებული შტატები ექვსი თვის განმავლობაში რუსული დიზელის გლობალურ შესყიდვებს დაუშვებს, უკრაინის, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ტოტალური ღალატია. ირანთან ომის დაწყების შემდეგ, რამაც ყველა ამერიკელისთვის ბენზინისა და დიზელის ფასი გაზარდა, პრეზიდენტი საკუთარი შეცდომების შედეგების გამოსასწორებლად მკვლელ დიქტატორთან სასოწარკვეთილ შეთანხმებებს მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორების შეფასებით, ირანთან ომის გამო საწვავის გაძვირებამ მძიმე ფინანსური ტვირთი დააკისრა როგორც ამერიკელებს, ისე ევროპელ მოკავშირეებს. მათი თქმით, ფასების შემცირებაზე მოკავშირეებთან თანამშრომლობის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ისა და ევროპის მთავარი საფრთხის, რუსეთის მიმართულებით აკეთებს დათმობებს, რათა პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიციები გაამყაროს.
„ეს არის მარცხის მაგალითი. მარცხი იმ დაპირების შესრულებაში, რომ ამერიკელებისთვის ხარჯები შემცირდებოდა. მარცხი იმაში, რომ ამერიკა მოწინააღმდეგეებისგან ვერ დაიცვა. მარცხი კანონისა და კონგრესის ორპარტიული გადაწყვეტილების უგულებელყოფაში. სულ რამდენიმე კვირის წინ კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსების შეზღუდვასა და რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების შემცირებას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ სენატორები.
მათი განცხადებით, ტრამპმა ირანთან ომი უნდა დაასრულოს და არა რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას შეუწყოს ხელი.
„საკმარისია. პრეზიდენტმა ირანთან ომი უნდა დაასრულოს და არა რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას შეუწყოს ხელი. პუტინი მხოლოდ ძალის ენას იგებს, რაც რუსეთისა და იმ პირების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გულისხმობს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მის ომს ხელს უწყობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





