ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით გადაგვიხადა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთს შორის ნავთობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბომბები საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
„დღეს რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით გადაგვიხადა.
ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ცნობილია 12 დაღუპულის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. კიდევ 14 ადამიანია დაშავებული, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება კიდევ 12 ადამიანის შესახებ, რომლებიც შესაძლოა თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდნენ. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ამასთან ერთად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ღამით რუსეთმა უკრაინის 13 რეგიონზე განახორციელა თავდასხმა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზა.
„ეს ღამე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ზეწოლის ნებისმიერ შემსუბუქებას აღიქვამს სიგნალად, თითქოს ომის გაგრძელება და ქალაქების დაბომბვა კვლავ შეიძლება. საჭიროა სხვა სიგნალები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს, ამისთვის კი საკუთარ დანაკარგებს უნდა გრძნობდეს. ამჟამად ამის მიღწევას ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება უზრუნველყოფს. რუსეთის დარტყმებს ჩვენი პასუხიც მოჰყვება“, - დასძინა მან.





