Reuters: საფრანგთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოქმედება განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების საკითხი სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. გასულ კვირას 14 წლის მოზარდმა ყბა მოიტეხა და რამდენიმე კბილი დაკარგა მას შემდეგ, რაც, ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, პოლიციელმა მას ახლო მანძილიდან ცრემლსადენი გაზის ყუმბარა ესროლა, იუწყება Reuters-ი.
ადვოკატის განცხადებით, მოზარდი, სახელად ედენი, სენ-უენ-ლ’ომონის საპროტესტო აქციის მახლობლად, კედელთან იჯდა და ტელეფონს უყურებდა. ის დემონსტრაციის მონაწილეებისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი მოზარდს მიუახლოვდა და ხელკეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც ედენმა მას ფეხი ჩაარტყა. ამის შემდეგ მეორე პოლიციელმა სპეციალური მოწყობილობით ცრემლსადენი გაზის ყუმბარა გაისროლა, რომელიც მოზარდს სახეში მოხვდა.
„პოლიციელმა მას პირში ესროლა და მიწაზე დატოვა ისე, რომ სასწრაფო დახმარებაც კი არ გამოიძახა“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ელზა მარსელმა.
ადვოკატის თქმით, ოჯახმა, რომელმაც პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით მოზარდის გვარის გასაჯაროებაზე უარი თქვა, პოლიციელის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანა.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებებზე კომენტარს არ აკეთებენ. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელმა განმარტა, რომ მოზარდი პოლიციელებს დაუპირისპირდა და ის საკუთარი თავისა და კოლეგების დაცვას ცდილობდა.
როგორც Reuters-ი წერს, ეს შემთხვევა იმ 24 საქმეს შორისაა, რომლებსაც პოლიციის შიდა კონტროლის სამსახური (IGPN) საფრანგეთში ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების ქმედებებთან დაკავშირებით იძიებს. აქციები სკოლებში არსებულ პირობებს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, დემონსტრაციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძალადობრივი იყო.
პოლიციის მოქმედებებმა განაახლა მოწოდებები რეზინის ტყვიებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენების აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საშუალებებს ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიცია არ იყენებს. ბოლო წლების განმავლობაში მათი გამოყენება არაერთხელ გააკრიტიკეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა, რომლებიც ამ საშუალებებს სახიფათოდ და არაპროპორციულად მიიჩნევენ.
მომხდარმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გააძლიერა და საპროტესტო მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას შეუწყო ხელი. ეს მოძრაობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
Reuters-მა მოწმეებთან გასაუბრებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლის შედეგად პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული 28 შემთხვევა გამოავლინა. მათგან 15 IGPN-ის გამოძიების საგანია. საქმეები ეხება რეზინის ტყვიების, ხმოვანი ყუმბარების, ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და ცხენოსანი პოლიციის მიერ დაშავებულ ადამიანებს.
ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. კიდევ ერთი შემთხვევა ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდს ხელი მტევანი მოსწყდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ, ხმოვანი ყუმბარის აფეთქების შედეგად მოხდა. მინისტრმა ამ ტიპის ყუმბარების გამოყენება 7 ოქტომბერს, შემთხვევის გამოძიების დასრულებამდე შეაჩერა.





