Unicef-ი საფრანგეთის ხელისუფლებას ძალადობის დეესკალაციისა და არასრულწლოვნების დაცვისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

AFP
გაეროს საბავშვო ფონდის (Unicef) საფრანგეთის წარმომადგენლობა ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე „ძალადობის დეესკალაციისა“ და „არასრულწლოვნების დაცვის“ მოწოდებით გამოდის.
ორგანიზაცია საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ახალგაზრდების უფლებას, „პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ“.
„მოზარდებს აქვთ უფლება, იყვნენ მოსმენილნი, მონაწილეობდნენ მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავდნენ მშვიდობიან აქციებს. თავისუფალი და უსაფრთხო პროტესტი ბავშვებისა და მოზარდების ფუნდამენტური უფლებაა“, - აღნიშნულია Unicef-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ეს უფლება აღიარებულია ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ მართლწესრიგის დაცვის ოპერაციებისას სამართალდამცველებმა სრულად უნდა გაითვალისწინონ აქციის მონაწილეთა ასაკი.
Unicef-ის განცხადებით, ხელისუფლებამ „შეკრებილი საზოგადოება ერთგვაროვან ჯგუფად არ უნდა აღიქვას და მკაფიოდ გაამიჯნოს მოძალადე პირები იმ დემონსტრანტებისგან, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ“.





