თურქეთის სანაპიროსთან მსოფლიოში უძველესი ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს
ტექნოლოგიები

ფოტო: Hakan Öniz
არქეოლოგები აცხადებენ, რომ თურქეთის სანაპიროსთან მსოფლიოში უძველესი ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს.
ხომალდის ნაშთები თურქეთში, ანტალიის პროვინციაში მდებარე კეკოვის კუნძულის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. არტეფაქტები წყალქვეშა ფერდობზე, ტალღებიდან სულ რაღაც 30 მეტრის სიღრმეზეა მიმობნეული. ექსპედიციისას აღმოაჩინეს სამი დიდი ქვის ღუზა, ასევე 30-ზე მეტი კერამიკული ჭურჭელი - ამფორა.
სპეციალისტების ვარაუდით, გემი 4 400-დან 4 700 წლამდე ასაკისაა, რაც ადრეულ ბრინჯაოს ხანას ემთხვევა - პერიოდს, როდესაც გიზის დიდი პირამიდა შენდებოდა.
გემის ხის სტრუქტურა არ შემორჩენილა, თუმცა კერამიკული ამფორები, რომლითაც ტვირთი გადაჰქონდათ, ზღვის ფსკერზე იყო გაფანტული და გასაოცარია, რომ ზოგიერთ მათგანში შიგთავსის კვალიც კი შემორჩა.
გემის სიგრძე დაახლოებით 10 მეტრს შეადგენდა და ის ხმელთაშუა ზღვაში ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სავაჭრო ხომალდი იყო.
„ეს ჩაძირული ხომალდი ნამდვილი დროის კაფსულია ზღვის ფსკერზე“, - განაცხადა აკდენიზის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაქან ონიზმა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის ასოციაციის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.





