ავსტრიაში შექმნეს საათი, რომლის ცდომილებაც 30 მილიონ წელიწადში დაახლოებით ერთ წამს შეადგენს
ტექნოლოგიები

ფოტო: TU Wien
მეცნიერებმა ბირთვული საათი შექმნეს, რომლის ცდომილებაც 30 მილიონ წელიწადში დაახლოებით ერთ წამს შეადგენს. ახალი მოწყობილობის შექმნის შესახებ ვენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განაცხადა.
მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს თორიუმის ატომებიანი კრისტალი, რომელზეც ლაზერია მიმართული. მის სიხშირეს ატომური ბირთვების (და არა ელექტრონების, როგორც ჩვეულებრივ ატომურ საათებში) ენერგეტიკულ მდგომარეობებს შორის გადასვლების გამოყენებით ასტაბილურებენ.
ბირთვები სინათლეს მხოლოდ გარკვეულ სიხშირეზე შთანთქავენ. თუ სიხშირე იცვლება, სისტემა ცვლილებას ამჩნევს და ლაზერს ავტომატურად არეგულირებს.
პროტოტიპი მკვლევრების ჩარევის გარეშე სტაბილურობას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. ცდომილების მაჩვენებელი დღიური გაზომვების შედეგების მიხედვით გამოთვალეს.
სიზუსტით მოწყობილობა ჯერჯერობით ჩამოუვარდება საუკეთესო ოპტიკურ ატომურ საათებს. შედეგების გაუმჯობესებას უფრო მძლავრი ლაზერებისა და უკეთესი ხარისხის კრისტალების გამოყენებით გეგმავენ.





