პაატა სალია კორესპონდენციის კონფიდენციალურობის შესახებ: ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა - რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ არსებული პრაქტიკა ისე, რომ ერთი მხრივ, არ დაზიანდეს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება და მეორე მხრივ არ დაზიანდეს ადვოკატი-კლიენტის ურთიერთობა და არ შეილახოს ადვოკატის უფლებებიც
სამართალი

პაატა სალია, ბექა ნემსიწვერიძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გადაცემაში „ღია ეთერი“ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ იუსტიციის მინისტრს პენიტენციური დაწესებულებებიდან კორესპონდენციების გამოტანასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.
იგი დაინტერესდა, ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შედეგად ადვოკატის მიერ გაკეთებული, მათ შორის დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებული ჩანაწერები, შეიძლება თუ არა სამართლებრივად შეფასდეს, როგორც კორესპონდენცია.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ადვოკატებს ეკრძალებათ პენიტენციური სისტემიდან მათ მიერ ხელით გაკეთებული ჩანაწერების გამოტანა. იგი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შეკითხვის ვერ აკმაყოფილებს.
მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ეს პრობლემა მისთვის ცნობილია.
„ეს არ დაწყებულა დავითაძის საქმით. სწორედ ამ საქმიდან გამომდინარე მოხდა მედიაში ამაზე საუბარი და ესეც, ჩვენი შეფასებით, ორკესტრირებული მცდელობის ნაწილი იყო, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა. ახლა დავუბრუნდები პრობლემის არსს.
გეთანხმებით, რომ პრობლემა არსებობს. ნამდვილად არ გვჩვევია, პრობლემების უარყოფა, პირიქით, დღესაც თქვენთან შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩემთვის, რომ პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და როდესაც რეკომენდაცია მოდის, მას ითვალისწინებენ, ასევე ითვალისწინებენ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის რეკომენდაციებსაც.
მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელთანაც.
„ჩვენ დავთქვით შეხვედრა ორშაბათს და ამაზე უფრო დეტალური საუბარი გვექნება და ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხი პრაქტიკაში, რადგან ერთი მხრივ, არსებობს ადვოკატისა და კლიენტის უფლება, რომ მათი კორესპონდენცია, ურთიერთობა და ჩანაწერები იყოს დაცული, თუმცა მეორე მხრივ, არის უსაფრთხოება - იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულმა პირებმა ბოროტად, არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს ეს უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.
სალიას თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხია პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებისთვის.





