ზურაბ ჯაფარიძე: შვილმკვდარი მამის გვერდით პოლიტიკური მოთხოვნების გახმიანება აქციას აზიანებს
პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენას და აქტიურობას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
აქციის მხარდამჭერების შესახებ რამდენიმე განცხადება უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განცხადების ავტორები, ამბობენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ მოკლულის მამას, თუმცა აქციაზე ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის დანახვა მათთვის მძიმე, ან მიუღებელია.
"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქციაზე შვილმკვდარი მამის გვერდით პოლიტიკური ქულების დაწერის მოტივით დგომა ამორალური საქციელია.
"ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი და რატომ (სხვადასხვა ადგილას რომ არ ვწერო ერთი და იგივე):
აქციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გასაგები და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები. ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი - დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა.
ასეთი შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია ექნება საპარლამენტო ოპოზიციას. ოპოზიციაში არ იგულისხმება პატრიოტთა ალიანსი, რადგან არ არის სანდო.
გასაგებია რომ პარლამენტში მყოფი სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ მათ მინიმუმ ის მოტივაცია აქვთ რომ მაქსიმალურად გააშავონ ოცნება და ამის ხარჯზე მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ეს ნიშნავს რომ თუ რამე დამალა ოცნების პროკურატურამ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფრის სინათლის შუქზე გამოტანას. შეიძლება ტყუილებზეც წავიდნენ, მაგრამ ეგეც ატანადია ამ რეალობაში.
მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო.
რაც მთავარია და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს. (ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი - დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება. ნებისმიერის, ვისაც ენდობა)...
თუ ამ ლოგიკას ეთანხმებით, მაშინ გასაგებია რომ ყველა ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე (ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს).
და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკოსების აქტივობას:
არანაირი შინაარსი არ აქვს ჩემი აზრით ადამიანების გაკიცხვას იმის გამო რომ ისინი ერიდებიან პოლიტიკოსებთან და პარტიებთან აფილირებას. ერთი - ამის საკმარისი საფუძველი აქვთ; ორი - გაკიცხვით ისინი აზრს არ შეიცვლიან.
კი, მე თუ დავდგები ტრიბუნასთან და ვიყვირებ, ზუსტად ვიცი რომ ამით დავაფრთხობ ბევრს (მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე არ ვარ მაინცდამაინც ცუდი წარმოდგენის), ვინც სხვა შემთხვევაში გვერდით დაუდგებოდა ზაზა სარალიძეს. და არ მგონია ეგ მორალური საქციელი"- წერს ზურა ჯაფარიძე.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე განახლდა.
აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებას პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.





