რევაზ სოხაძე: ქვეყანაში ისე უნდა დავაყენოთ საკითხი და ისეთი მიდგომა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს მოსახლეობასთან ცუდად მოპყრობა, სამუშაოს უხარისხოდ წარმოება
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ისე უნდა დავაყენოთ საკითხი და ისეთი მიდგომა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს მოსახლეობასთან ცუდად მოპყრობა, სამუშაოს უხარისხოდ წარმოება, - განაცხადა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“. ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის კითხვას, რომელიც ნატანებში, ავტომაგისტრალზე დასაქმებულების ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემას ეხებოდა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ პრობლემა მართლაც არსებობდა, თუმცა უწყების ჩარევის შემდეგ ნაწილობრივ მოგვარდა და მისი სრულად აღმოფხვრის იმედი გამოთქვა.
„მგონია, რომ ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ პრობლემებს არასოდეს ვმალავთ და ვაღიარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც არის. ჩვენი ბაზარი ღიაა, მათ შორის ჩვენი სატენდერო პროცედურებიც ღიაა და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება [ტენდერებში], თუმცა ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ და საკანონმდებლო დონეზე გვაქვს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომ მათ გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ ამ ტენდერებში მონაწილეობაში. მაგრამ, გარდა ამისა, უნდა გვქონდეს ისეთი გარემო, რომ ვერავინ გაბედოს აქ უხარისხო სამუშაოების წარმოება“, - განაცხადა მინისტრმა.





