რევაზ სოხაძე: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროგრამა მიმდინარეობს
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: Facebook
საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ მასშტაბური პროექტები ხორციელდება, რომელთა ანალოგიც ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 53 საფეხბურთო ტექნიკური სტადიონი შენდება, პარალელურად კი მიმდინარეობს თანამედროვე სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსების განვითარების პროგრამა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია ხარისხიან სპორტულ და კულტურულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თანაბრად უზრუნველყოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ადიგენში მცხოვრებ ბავშვსაც ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობა ისარგებლოს საცურაო აუზით, ფეხბურთის მოედნით თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურით, როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტები, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძე ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგად, არსებული ხელშეკრულება შეწყდა და პროექტის ახალი კონცეფცია მუშავდება.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მზადდება ახალი ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში, თავდაპირველად დაგეგმილი UEFA-ს III კატეგორიის სტადიონის ნაცვლად, IV კატეგორიის, უფრო მაღალი სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდმა უფრო მაღალი სტანდარტის, UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი მიიღოს. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ახალი პროექტი ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას შესთავაზებს და სპორტის განვითარებას როგორც ქალაქში, ისე მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.





