რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლების მოწყობა მოსწავლეებისთვის დისკომფორტის შემცირებას ემსახურება
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: Facebook
მოდულური სკოლების პროექტთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მისი მიზანია სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. სოხაძის განმარტებით, იმ სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა. ისინი იმავე ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ გაიხსნება, რათა ბავშვებს სხვა სოფელში სიარული არ დასჭირდეთ.
„არ შეიძლება იმიტომ, რომ ვიღაცა პოლიტიკურად არ მოგწონს, ყველაფერზე უარყოფითი პოზიცია გამოხატო. საბოლოო ჯამში, სასაცილო ხდება ხოლმე. უნდა წაიკითხო, რაზეა საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტროს უკვე აქვს ურთიერთობა სასკოლო საზოგადოებასთან და განსაზღვრულია ადგილები, სადაც მოდულური სკოლების მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად, დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.
„ჩვენ დავიწყეთ ტიპური სკოლების პროექტების შექმნა. დაახლოებით 10 ტიპური პროექტი მუშავდება სკოლებთან მიმართებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ, დავუშვათ, ხვალ და ზეგ თუ აღმოჩნდება, რომ სადღაც 500-ბავშვიანი სკოლაა ასაშენებელი, მის დასაპროექტებლად ერთი წელი კი არ დაგვჭირდება, არამედ ორ-სამ თვეში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ამ პროექტის მორგებას შევძლებთ და დაუყოვნებლივ დაიწყება მშენებლობა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, ტიპური პროექტების გამოყენება სამინისტროს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უფრო მოკლე ვადებში აწარმოოს.





