რევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურებული მშენებლობების რაოდენობა“, - განაცხადა მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ცალკეული კომპანიები ერთდროულად იღებდნენ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე რეალურად შესრულება შეეძლოთ, რაც მრავალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი გახდა.
„კომპანიებმა უნდა აიღონ მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომლის შესრულების რესურსიც ნამდვილად აქვთ. სწორედ ამიტომ, მუნიციპალური განვითარების ფონდში უკვე დავნერგეთ დამატებითი მექანიზმი, რომელიც კომპანიების შესაძლებლობებსა და მათ მიერ აღებული ვალდებულებების მოცულობას ერთმანეთთან აკავშირებს“, - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, იცვლება მიდგომა კონტრაქტორებთან ურთიერთობაზეც. დასრულდება პრაქტიკა, როდესაც კომპანიებს ვადების მრავალჯერადი გადავადების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება. კონტრაქტის შეწყვეტა აღარ იქნება უკიდურესი და იშვიათი შემთხვევა. ჩვენი მიზანია პროექტები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, პრობლემურ ობიექტებზე სამუშაოები სხვა კონტრაქტორებმა გააგრძელონ, რათა პროექტების განხორციელება არ შეფერხდეს.
მინისტრმა სამშენებლო კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა პასუხისმგებლობის აღება რეალურ შესაძლებლობებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კონკრეტული პროექტის განხორციელების რესურსი არ არსებობს, შესაბამისი ვალდებულებაც არ უნდა აიღოს. ჩვენი მთავარი მიზანია ხარისხიანი და დროულად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.





