რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი საზომი მათი გრძელვადიანი ხარისხი და გამძლეობა იქნება
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
„ჩვენი საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპს დაეფუძნება - გამჭვირვალობას, ხარისხს, ხარჯთეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვცდილობთ, ყველაფერი ყველაზე იაფად გავაკეთოთ. ჩვენი მიზანია სამუშაოები შესრულდეს საბაზრო ფასად, შესაბამისი ხარისხის დაცვით და ისე, რომ თითოეული საბიუჯეტო თეთრი რაციონალურად დაიხარჯოს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში „ღია ეთერი“.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგიონებიდან ჩართულ მოქალაქეებს გულწრფელი და პირდაპირი კითხვებისთვის და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სფეროში კორუფციის პრევენცია და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა მისი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩემთვის და ჩემი მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურები დაცლილი იყოს კორუფციისგან და საზოგადოებას ჰქონდეს საფუძველი, დარწმუნებული იყოს, რომ სისტემაში კორუფციული რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ინფრასტრუქტურის სფეროში ამ მხრივ პასუხისმგებლობას ვიღებ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სისტემამ ჯანსაღად იმუშაოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, კერძო სექტორს განვითარების, გაფართოებისა და მოგების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა, ეს უნდა ხდებოდეს პატიოსანი საქმიანობით და არა სახელმწიფოსა თუ სამუშაოების ხარისხის ხარჯზე.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურის სისტემამ ჯანსაღად იმუშაოს, ბიზნესს მიეცეს პატიოსნად მუშაობის შესაძლებლობა, ნახოს მოგება, გაიზარდოს, განვითარდეს, ეს არის ჩვენთვის მთავარი, მაგრამ პატიოსნად და არა სახელმწიფოს ხარჯზე“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურ დიალოგს აწარმოებს ბიზნესთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან, რათა სექტორის საჭიროებები უკეთ იყოს გათვალისწინებული და კომპანიებს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.
რევაზ სოხაძის თქმით, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად აუცილებელია არამხოლოდ პროფესიული ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკაც. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში სამშენებლო კომპანიები ეტაპობრივად შეძლებენ თანამედროვე მანქანა-მექანიზმების განახლებას, რაც სამუშაოების ხარისხსა და ეფექტიანობას გაზრდის.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამშენებლო კომპანიები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მანქანა-მექანიზმები, რათა ინფრასტრუქტურა ხარისხიანად ავაშენოთ. ამ მხრივ ბიზნესს ყველანაირად შევუწყობთ ხელს. მთავრობას განსაზღვრული აქვს დამატებითი ნაბიჯებიც, რომლებსაც აუცილებლად გადავდგამთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ მიიღოს ხარისხიანი გზები, სკოლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებისას მთავარი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, თუ რა აშენდა კონკრეტული მინისტრის ან სამინისტროს ხელმძღვანელობის პერიოდში. გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რამდენად გამძლე და ფუნქციური იქნება შექმნილი ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი პერსპექტივით.
„ჩემი და ჩემი გუნდის მუშაობის მთავარი საზომი არ იქნება მხოლოდ ის, თუ რა გაკეთდა ჩვენი საქმიანობის პერიოდში. ჩვენი მუშაობა უნდა შეფასდეს იმითაც, რამდენად შეასრულებს თავის ფუნქციას ჩვენ მიერ აშენებული გზა, ხიდი თუ სკოლა 10, 15 და 20 წლის შემდეგ. ეს არის მთავარი მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიზანია გამჭვირვალე, ხარისხზე ორიენტირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც კერძო სექტორის განვითარებას, ისე ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ გაძლიერებას.





