მაჭავარიანი: ვერ მოაწყვეს რევოლუცია, თავად ჩაატარეს საარჩევნო კამპანიები და ვერ ჩაგვანაცვლეს ვერც არჩევნების გზით. ევროპელი ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ ძალიან სჭირდებათ საქართველოსთან მეგობრობა. ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, რომ ეს უსამართლობა გადავფურცლოთ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვუბრუნდებით ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით და საქართველო უფრო სჭირდება ევროკავშირს, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამას ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იაზრებს და ადრე თუ გვიან ბრიუსელი იძულებული იქნება, რომ საქართველოს პარტნიორულად ესაუბროს.
„ჩვენ გვაინტერესებს რა ხდება საქართველოში და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. მეასეხარისხოვანია რას იფიქრებს უცხოელი და მითუმეტეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უცხოელი. ხომ კარგად ვიცით, 4 ოქტომბრის საქმეზე ფაშისტური მეთოდებით რატომ აბულინგებენ ამ ადამიანებს, რომ ბრალი არ აღიარონ - იმისთვის, რომ მეტი „ჰედლაინი“ იყოს გატანილი უცხოეთში, ვითომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ვუბრუნდებით ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით და საქართველო უფრო სჭირდება ევროკავშირს, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი. ძალიან ბევრი ქვეყანა ამას იაზრებს. ამიტომაც შეიცვალა ლუქსემბურგში მინისტერიალზე მიდგომა, რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირდაპირ დაუყენეს საკითხი ბრიუსელს, დროა საქართველოსთან დავიწყოთ ურთიერთობაო. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ სახე შეინარჩუნონ. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, რომ ეს უსამართლობა გადავფურცლოთ; ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობა. მათ მოუწევთ იმ მარტივი ჭეშმარიტების აღიარება, რომ ჩვენ შავ ზღვას ვესაზღვრებით, ვართ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერ მოახდინეს რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაატარეს საარჩევნო კამპანიები, ვერ ჩაგვანაცვლეს ვერც არჩევნების გზით. დიდი ეგო აქვთ და ვერ ეგუებიან, რომ როგორ შეიძლება პატარა სახელმწიფომ პროქსისახელმწიფოდ გამოყენებაზე უარი უთხრათ. უკან ვერაფერზე დაგვახევინეს, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გატარებას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი ისტორიული მისია დაკავშირებადობის კუთხით მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. როდესაც ვაფართოებთ პორტებს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, როდესაც ასეთი ტემპით ვაშენებთ ავტოსაგზაო მაგისტრალებს, როდესაც აეროპორტებს ვაფართოებთ, ასეთი ტემპით მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია - ამას ხომ „ქართული ოცნებისთვის“ არ ვაკეთებთ, ეს ხომ საქართველოსთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის კეთდება? ევროპელი ლიდერები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ძალიან სჭირდებათ საქართველოსთან მეგობრობა და ადრე თუ გვიან ისინი მაინც აიძულებენ ბრიუსელს, რომ დროა დასხდნენ და ჩვენთან პარტნიორულად ისაუბრონ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.




