ანრი ოხანაშვილი: არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებს კითხვის ნიშნები არ აქვთ
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი
ფოტო: Facebook
პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებული გამოხმაურებები, ცალსახად მიუთითებს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებს კითხვის ნიშნები არ აქვთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებების შემდეგ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ვეღარ საუბრობს და არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია.
„შესაბამისად საკითხი, რომ არჩევნები ხომ არ გაყალბდა - ამოწურულია, რადგან ეუთო/ოდირმა, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, აერთიანებს ევროპულ ქვეყნებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, კითხვის ნიშნებს არ სვამენ, არამედ ამბობენ, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული, კონკურენტული და თავისუფალი. შესაბამისად ეს საკითხი ამოწურულია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.




