თორნიკე ჭეიშვილი: უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო - თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ჩვენ რაც ვიხილეთ დღეს სასამართლო სხდომის დარბაზში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან, ეს იყო ჩვეულებრივი დემაგოგიური, იაფფასიანი მასკარადი, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა იმას, რომ სხვადასხვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცრუ ნარატივის ტირაჟირებით როგორღაც გადაეფარათ სარჩელში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები და ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ ისინი ამ თვალსაზრისით, ვინაიდან ვერავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება რაიმე ფორმით, იოტისოდენა დონეზე მაინც აბათილებდეს ჩვენს სარჩელში მოყვანილ შესაბამის მტკიცებულებებს.
ამიტომ უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ მთელმა საზოგადოებამ და უპირველესად, თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.





