პრაღაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო
პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყება ჩეხური მედია.
ჩეხეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, ოთხ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს, 12-მა შედარებით მძიმე, ხოლო დაახლოებით 30-მა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებულები პრაღის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ორივე მატარებლის ყველა მგზავრის ევაკუაცია უკვე დასრულებულია.
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ივან ბედნარიკმა, შეჯახება ძალიან სერიოზულ შემთხვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი, დაშავებულებზე ზრუნვაა. მან მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის. მინისტრის თქმით, შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს სარკინიგზო ინსპექცია იძიებს.
შემთხვევის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. შეფერხება, სავარაუდოდ, რამდენიმე საათს გაგრძელდება და ათეულობით რეისს შეეხება. საქალაქთაშორისო მატარებლები პრაღის სხვა რკინიგზის სადგურებზე გადაამისამართეს.





