Bild: გამოკითხული გერმანელების 82% ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
Reuters
სოციოლოგიური ინსტიტუტ INSA-ს მიერ გამოცემა Bild-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული გერმანელების 82% ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა.
აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ოქტომბრის დასაწყისის მონაცემებს ორი პროცენტული პუნქტით აღემატება.
შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში კანცლერის მუშაობით უკმაყოფილებას გამოკითხულთა 67% გამოთქვამდა. ამჟამად მერცის საქმიანობას დადებითად რესპონდენტთა მხოლოდ 13% აფასებს, იანვარში არსებული 24%-ის ფონზე.
მთავრობის დაბალი რეიტინგი, სავარაუდოდ, მოქალაქეთა პირად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის (CDU/CSU და SPD) პირობებში მათი პირადი მდგომარეობა გაუარესდა. გაუმჯობესებაზე მიუთითა მხოლოდ 6%-მა, ხოლო 29%-ისთვის არაფერი შეცვლილა.
უარყოფითი ტენდენცია მმართველი კოალიციის რეიტინგზეც აისახა. ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა (CDU/CSU) 19%-მდე დაიწია, რაც ისტორიულად მინიმალური მაჩვენებელია.
პარტიულ რეიტინგებში პირველ ადგილს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 29%-ით ინარჩუნებს. გამოკითხვის თანახმად, „მწვანეებს“ ამომრჩეველთა 15% უჭერს მხარს, სოციალ-დემოკრატებს (SPD) - 14%, „მემარცხენეებს“ - 10%, ხოლო თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP) - 5%.





