Bloomberg: ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ვიდრე კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს განიხილავენ
მსოფლიო

GettyImages
ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ვიდრე კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს განიხილავენ. აღნიშნულმა პოზიციამ შესაძლოა გააღრმავოს უთანხმოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ამ საკითხების პარალელურ რეჟიმში განხილვას სთავაზობს, - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები პუტინის ომამდელ მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევენ, ვინაიდან ისინი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ყოფნის გადახედვას ნიშნავს.
მათი შეფასებით, უსაფრთხოების არსებული სისტემა პირველ რიგში იმისთვის არსებობს, რომ ევროპაზე რუსეთის თავდასხმა აღიკვეთოს. შესაბამისად, ამ სისტემაზე მსჯელობას მაშინ, როდესაც მოსკოვი უკრაინაში ომს აწარმოებს და არსებულ შეთანხმებებს არღვევს, აზრი არ აქვს. ევროპელები მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში ცეცხლი უნდა შეწყდეს, ხოლო ომის შემდგომ უსაფრთხოების ნებისმიერ შეთანხმებას ევროპის ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
საპირისპიროდ, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში სხვა თემების პარალელურად ჩართოს.
აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ხუთი ძირითადი მიზანი გამოყო: უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე კონსულტაციები, კრიზისული პერიოდისთვის კომუნიკაციის საიმედო არხები, მეტი სამხედრო გამჭვირვალობა, ესკალაციის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ორმხრივი ნაბიჯები და ევროპაში სტაბილურობის გრძელვადიანი ჩარჩო.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აღიარებს ევროპული სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და ნატოს ცენტრალურ როლს კოლექტიურ თავდაცვაში.
ამერიკულმა მიდგომამ ევროპულ დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ევროპას მშვიდობა პუტინზე მეტად არ უნდა სურდეს.
„ისე ჩანს, თითქოს ხანდახან მსხვერპლზე უფრო მეტი ზეწოლა ხორციელდება, ვიდრე აგრესორზე“, - განაცხადა მან.
გეგმა აშშ-ის კონგრესში „დემოკრატებმაც“ გააკრიტიკეს. „ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მას ნატო ჰქვია“, - დაწერა სენატორმა მაიკლ ბენეტმა.
ტერიტორიული საკითხის განხილვა ჯერჯერობით შეჩერებულია, ვინაიდან ის უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. წყაროების ცნობით, პუტინი კვლავ მთელი დონბასის რეგიონის გადაცემას ითხოვს. ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ იგი მომდევნო თვეებში სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და იმედებს მასშტაბურ დარტყმებზე ამყარებს, რათა უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება გატეხოს.





