Reuters: რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი აშშ-კენ გაემგზავრა
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტვირთი მალტის დროში ქვეშ მცურავი გემით გადააქვთ. განრიგის მიხედვით, საწვავი აშშ-ში 7 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.
როგორც Reuters-ი იუწყება, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხდება.
ტრამპმა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ აშშ-ში დიზელის ფასების შემცირების მიზნით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონის ზოგიერთი დებულების მოქმედების შეჩერება და ევროპის ქვეყნების გაფრთხილება, რომ, თუ ისინი საგანგებო რეზერვებიდან საწვავის დამატებით მარაგებს არ გამოუშვებდნენ, ვაშინგტონი ევროპისთვის დიზელის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს, წერს სააგენტო.
საზღვაო გადაზიდვების მონაცემებით, საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes რუსეთში ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკში 22 ოქტომბერს დაიტვირთა. გემს ულტრადაბალგოგირდიანი დიზელი გადააქვს, რომლის მოცულობაც 40 000 მეტრულ ტონას შეადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი დათანხმდა, გააუქმოს დიზელის ექსპორტზე მის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვა და საწვავი მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-ს, მიაწოდოს.
ტრამპმა შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანდა ექსპორტზე 300 000 ტონა დიზელს, რაც დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელს შეადგენს. ამას ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა, შემდეგ კი - კიდევ ერთი მილიონი ტონა უნდა მოჰყოლოდა.
რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, წლის ბოლომდე ქვეყანას დიზელის ექსპორტის თვეში 3-3,5 მილიონ ტონამდე გაზრდა შეეძლება. ეს დაახლოებით ის მოცულობაა, რომელსაც რუსეთი საწვავის ექსპორტზე ჩვეულებრივ მიმართავდა.





