Euronews: ტიბეტში 7 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა - დანგრეულია ასობით სახლი
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ჩინეთის ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ქალაქ ნაგჩუსა და მის შემოგარენში ასობით სახლი დაინგრა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით ხუთშაბათს, 22:33 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ტიბეტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნაგჩუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 191 კილომეტრში მდებარეობდა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 339 საცხოვრებელი სახლი და პირუტყვისთვის განკუთვნილი 20 ნაგებობა დაინგრა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შესაბამის უწყებებს სამაშველო და სამედიცინო დახმარების ოპერაციების მაქსიმალურად გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1 600-ზე მეტი ადამიანია ჩართული. სტიქიის ზონაში გაგზავნილია გადაუდებელი დახმარების მარაგები, მათ შორის, 1 000 ასაწყობი საცხოვრებელი მოდული, 3 000 კარავი, დასაკეცი საწოლები, ფანრები და ზამთრის ტანსაცმელი.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის შემდეგ შვიდი განმეორებითი ბიძგი დააფიქსირა, რომელთა სიმძლავრეც 4.3-დან 5.2 მაგნიტუდამდე იყო. ყველა მათგანი 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, მაშინ როდესაც ძირითადი მიწისძვრის კერა 18 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივმა სარკინიგზო სამსახურებმა სტიქიის ზონაში მატარებლების მოძრაობაც შეაჩერეს. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ზოგიერთ რაიონში სატელეფონო კავშირი გაწყდა.





