Al Arabya: ირანმა საფრანგეთის ელჩი სკოლებში მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ „ძალადობრივი რეაგირების“ გამო დაიბარა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ირანმა საფრანგეთის ელჩი თეირანში პიერ კოშარი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. ამის მიზეზი საფრანგეთში სკოლების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების რეაგირება გახდა, იუწყება Al Arabya.
მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ საფრანგეთი აქციების მონაწილეების მიმართ „ძალადობრივ მოპყრობაში“ და დემონსტრაციების დროს „ადამიანის უფლებების მასშტაბურ და აშკარა დარღვევებში“ დაადანაშაულა.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გასული თვის ბოლოს დაიწყო. დემონსტრაციებს თან ახლავს არეულობა, ხოლო ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.
ირანსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ბოლო თვეებში ისედაც დაძაბულია. აგვისტოში ორივე ქვეყანამ ერთმანეთის დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, იუწყება Al Arabya.
ამასთან, ირანში იანვარში ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშინ 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თეირანი მსხვერპლის მიზეზად „ტერორისტულ აქტებს“ ასახელებდა და პასუხისმგებლობას აშშ-სა და ისრაელს აკისრებდა.
უცხოეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებდნენ, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი ირანის უსაფრთხოების ძალებმა გახსნეს.





