The Wall Street Journal: აშშ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს ციმბირში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების გამო
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Mark Schiefelbein/Press Pool
აშშ-მა მოსკოვი გააფრთხილა, რომ ციმბირში, ჭირის კვლევით ცენტრში თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ დეტალური ინფორმაციის დამალვა საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ინციდენტის შესახებ აშშ-ს ძალიან მცირე ინფორმაცია მიაწოდა. გაურკვეველმა შემთხვევამ გააჩინა შიში, რომ ინფექციური დაავადება შესაძლოა რუსეთში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.
ვაშინგტონის კონფიდენციალური დიპლომატიური მიმართვა, რომელიც „დემარშის“ სახელით არის ცნობილი, აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის კიდევ ერთ წყაროდ იქცა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უკრაინის ომის დასრულების საკითხზე პროგრესის მიღწევას ცდილობს, წერს გამოცემა.
ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი „მალე“ აქვს დაგეგმილი. კითხვაზე, რას ეუბნება მას აშშ-ის დაზვერვა ციმბირში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს შესაძლოა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება შეძლოს.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „კვლავ საკმაოდ შეზღუდულია“, თუმცა მას კონფიდენციალურ დიპლომატიურ მიმართვაზე არ უსაუბრია.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე და მეტი ინფორმაცია გაუზიაროს მსოფლიოს, რათა ყველამ შევძლოთ შესაბამისად და სათანადოდ რეაგირება“, - განაცხადა რუბიომ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოთხი დღის წინ ციმბირში, კერძოდ ქალაქ ირკუტსკში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ადგილობრივ მედიაში დარია შიპილოვად არის იდენტიფიცირებული. რუსეთის ხელისუფლებას კი მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ გაუმჟღავნებია. ოფიციალური ვერსიით, ის პნევმონიით გარდაიცვალა.
ინფორმაციის ნაკლებობამ გააჩინა ვარაუდები, რომ ქალს ჭირის კვლევით ცენტრში მუშაობისას შესაძლოა საშიშ პათოგენთან ჰქონოდა კონტაქტი. ასევე გაჩნდა კითხვები, საკმარისად ეფექტურად ახორციელებს თუ არა რუსეთი იმ ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციას, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ განაცხადა.
მოსკოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გარკვეული ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა რამდენიმე ძირითად კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, მათ შორის, კონკრეტულად რა ტიპის ტესტები ჩაუტარდა გარდაცვლილ ქალს.





