თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას ეხმიანება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია: პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან, არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად. ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება.ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე













