კახა კალაძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: მთავრობას არ დაუტოვებია არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა და შედეგი სახეზეა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლება მიულოცა. შესაბამის განცხადება თბილისის მერმა „შაბათის ქრონიკაში“ გააკეთა.
„რა თქმა უნდა მეც მინდა შევუერთდე ამ მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში მინდა თვითონ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს მივულოცო, მივულოცო მის ოჯახს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში. ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც მართლა გულით გულშემატკივრობდა და ჰქონდა სურვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო ვაჟა საკუთარ ოჯახში. მთავრობას არ დაუტოვებია არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ჩვენ ყურადღება არ გაგვემახვილებინოს ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და შედეგი, რა თქმა უნდა, სახეზეა“, - განაცხადა კალაძემ.
ის სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ გვიან შეიტყო.
„საოცარ განცხადებებს ვისმენდით ზოგადად, შინაარსობრივად, მთლიანად ამ პროცესის განმავლობაში. ძალიან მძიმე ბრალდებებიც მოვისმინეთ. თუმცა ჩვენ აღელვების გარეშე, ჩვენი შესაბამისი სამსახურები აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა კალაძემ.