კახა კალაძემ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომები დაასახელა
კახა კალაძემ წლის პოლიტიკური პროცესები შეაფასა და „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომები დაასახელა. როგორც თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა „შაბათის ქრონიკაში“ აღნიშნა, 2019 რთული წელი იყო.
„იყო გამოწვევები. კრიზისების შექმნის მცდელობები ბევრი, უამრავი. ჩვენი შეცდომებიც იყო. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამაზე საუბარს, უნდა ვაღიაროთ. მაგალითად, შეცდომა, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო და გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის გულის ტკენა, ეს იყო გავრილოვის პარლამენტში შესვლა და სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა, რომელმაც მართლაც გულწრფელი პროტესტი გამოიწვია. თუმცა, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ეს არის იმ დესტრუქციული პოლიტიკური ფიგურების დამსახურება და მათი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთ შეცდომად კალაძე იმას მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ შეძლო.
„ცუდია, რომ ვერ მოვახერხეთ გაცხადებული რაც გვქონდა, საარჩევნო სისტემის ცვლილება. იცით, რამხელა აურზაური მოჰყვა ამ თემას გუნდის შიგნითაც. პარტიის შიგნით გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა ცუდია. ცუდია, როდესაც შენ აცხადებ გარკვეულ ცვლილებებს და შემდეგ მათ ვეღარ ახორციელებ. იქ აღარავის აინტერესებს უკვე შენი ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ვერ მოხერხდა ეს. თუმცა მგონია, რომ ამის გამო რაღაც მცდელობა იმის, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო, რევოლუცია მოაწყო... ამის საშუალება არავის მიეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ან მისდამი ნდობის გამოცხადება რევოლუციის გზით არ უნდა მოხდეს და მოქალაქეებმა პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსირონ.