„ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წელი
მმართველი პარტია 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში ყოფნის ათ წელს ითვლის. ზუსტად ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტია „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკმაოდ დაძაბულ და ხმაურიან არჩევნებში 9 წლიანი მმართველობის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. ამ არჩევნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ეს შედეგი კიდევ ორ საპარლამენტო, რამდენიმე თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და არაერთ შუალედურ არჩევნებში გაიმეორა. დღეს ამ თარიღს პრემიერი საგანგებო პოსტით გამოეხმაურა, გაკეთდა განცხადედებები და გავრცელდა პარტიის განცხადებაც. ათი წლის თავზე მმართველი პარტია აცხადებს, რომ: „დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია.“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ის მთავარი ღირებულებებია ჩამოთვლილი, რომელსაც მმართველი ძალა მომავლის საქმიანობის მთავარ პრინციპებად ასახელებს: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა. ისტორიის ეს ათწლიანი მონაკვეთი საკმაოდ ბევრ მოვლენას მოიცავს: წარმატებებს, გამოწვევებს, დაბრკოლებებს. როგორ აფასებს თავად პარტია განვლილ გზას, გატარებულ რეფორმებს, მიღწევებს, სირთულეებს, რომლებიც მმართველობის ამ პერიოდში არაერთხელ გადალახა.
