გავრცელებული დეზინფორმაცია
ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპრატამენტი გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას“, წერია განცხადებაში. ნიკა მელიას უპასუხეს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა კი, დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. მათი განმარტებით, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
