გია ნიჟარაძე: არ მშურს არც ერთის, ვინც არ უნდა მოვიდეს ახლა რაგბის კავშირის სათავეში, წინ მძიმე და რთული წლები გველის
სპორტი

გია ნიჟარაძე
ფოტო: Imedi
მერწმუნეთ, უზარმაზარი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. არ მშურს არც ერთის, ვინც არ უნდა მოვიდეს ახლა რაგბის კავშირის სათავეში, - ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ნიჟარაძემ ქაოსი უწოდა იმ პროცესს, რაც რაგბში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება. მისივე თმით, ქართულ რაგბში მშვიდობამ უნდა დაისადგუროს და მოხდეს ერთიანობა და შერიგება.
„ქაოსია ეს, რაც ხდება, სხვა სიტყვას ვეღარ დავარქმევ. შესაძლოა, ამაზე კიდევ ბევრი ვისაუბრო, მაქვს სალაპარაკო, მაგრამ ახლა არ ვთვლი საჭიროდ. არ მსურს, სიტუაცია გავამწვავო. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ქართულ რაგბში, მოხდეს ერთიანობა, შერიგება. 24 საათი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არ დავგორდეთ უკან. შევინარჩუნოთ ის, სადაც ვართ. მაგ მხრივ, სხვათა შორის, სულზე მოგვისწრო „რვა ერმა“. იქ იყო სირთულეები, ბოლომდე არ იყო გარკვეული ჩვენ მოვხვდებოდით, თუ სხვა ქვეყანა. იაპონიას არ ვგულისხმობ. ისედაც არ მოდიოდა. მოვხვდით რვა ერთა შორის. მიმაჩნია, რომ ჩვენ იქ უდიდესი სკოლა გავიარეთ. ბიჭებმა თამაშიდან-თამაშამდე მოუმატეს და რაც ყველაზე მთავარია, გამოჩნდა მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთაც პირდაპირ ვხედავ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში. ბირთვი გამოჩნდა, რომლის გარშემოც ნაკრები აშენდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველანარი კანონიერი გზით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაიხსნას ეს ფანჯარა და მოიგოს ღირსეულმა. მოიგოს იმან, რომელიც დადებს ყველაზე სწორ ხედვას, ვინც დადებს პროგრამას, რომელიც გამაგრებული იქნება კონკრეტული ფაქტებით და არა ჰაერში ნასროლი ფაქტებით. მერწმუნეთ, უზარმაზარი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. არ მშურს არც ერთის, ვინც არ უნდა მოვიდეს ახლა რაგბის კავშირის სათავეში, წინ იმდენად მძიმე და რთული წლები გველის, მაგრამ ზუსტად ვიცი ყველა პრობლემა დაიძლევა! ვისაც ქართული რაგბის ცუდი უხარია, ამ ემოციებს ძალიან ადრე ავლენენ. ქართული რაგბი გულშემატკივარს ძალიან ბევრჯერ გაახარებს, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობები“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.
საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში წერია.





