პაატა სალია: ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“ პატიმრებისთვის პროფესიის შესწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობებზე ილაპარაკა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულება არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მოხდის ადგილი.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული ამოცანაა, თითოეულ მსჯავრდებულს ხელი შევუწყოთ, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს ნორმალურ წევრად, შეიძინოს ახალი პროფესია, მიიღოს ახალი ცოდნა და ამისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასეთი პროგრამების და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„პირობითად, 2022 წელს იყო 5 ათასი ასეთი შემთხვევა, უკვე 2025 წელს იყო 11 ათასზე მეტი. წლიდან წლამდე ჩვენ ახალ პროგრამებს ვნერგავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი განათლება.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ე.წ. ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს უმაღლესი განათლება. ჩვენ ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ პროფესიული განათლება მიიღონ მსჯავრდებულებმა და როდესაც დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, გარკვეული პროფესია ჰქონდეთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება იმ პერიოდთან შედარებით, რომელსაც საწყისად ვიღებთ და დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვმსჯელობთ. დღეს ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს პაატა სალია.





